12 დეკემბერს პარაგრაფ თბილისის საკონფერენციო სივრცეში VR Holding-ისა და Paragraph-ის პარტნიორობის ხელმოწერის ცერემონიას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი, დაესწრო. მემორანდუმი შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ახალი დეველოპერული პროექტის, VR Shekvetili Forest Beach by Paragraph-ის განხორციელების პროცესში თანამშრომლობას ითვალისწინებს.

VR Holding ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს დეველოპერულ პროექტს ახორციელებს. საუბარია VR Shekvetili Forest~Beach by Paragraph-ზე, რომლის საინვესტიციო ღირებულება 600 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, 40 ჰა ტერიტორიაზე, ყველასთვის კარგად ცნობილი სასტუმრო Paragraph Shekvetili-ს გვერდით განხორციელდება.

პროექტი აერთიანებს პრემიუმ ხარისხის ვილებს, რამდენიმე 5 ვარსკვლავიან საცხოვრებელ კომპლექსს, სასტუმრო და ბრენდირებულ აპარტამენტებს. იგი გულისხმობს უნიკალური ტურისტული კომპლექსის მშენებლობას მრავალფეროვანი საკურორტო ინფრასტრუქტურით – როგორიც არის ღია და დახურული ტიპის აუზები, ფეხბურთის, კალათბურთის, ჩოგბურთის, ქვიშის ფრენბურთის და პადელის მოედნები, SPA & Wellness ცენტრი, გასართობი და რეკრეაციული სივრცეები. ეკოლოგიურად სუფთა კომპლექსში გადაადგილება შესაძლებელი იქნება ველო და გოლფის მანქანებისთვის განკუთვნილი ბილიკების გამოყენებით და ეკომეგობრული ტრანსპორტით.